საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2022 წლის 5 დეკემბერს, შპს „დელტა დეველოპმენტ გრუპის“ 2021 წლის 26 აპრილის დაზუსტებული საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა, რომელიც სათარჯიმნო-მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვა) შესაძლო დარღვევის ფაქტს ეხებოდა.
მოკვლევის შედეგად დადასტურდა ორი მოპასუხე ეკონომიკური აგენტის - შპს „თბილისის ბიზნეს სახლისა“ (ს/ნ: 404482608) და შპს „თბილისის ბიზნეს სახლის“ (ს/ნ: 204564293) და ერთ-ერთი მთარგმნელ-თარჯიმნის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევის ფაქტი. დარღვევა გამოიხატებოდა იშვიათი უცხო ენების სათარჯიმნო-მთარგმნელობითი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში აღნიშნულ სუბიექტებს შორის ექსკლუზიური ხასიათი სახელშეკრულებო თანამშრომლობაში, რაც შედეგად იწვევდა შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვას. სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხსენებულ ეკონომიკურ აგენტებს დაეკისრათ შესაბამისი ფინანსური სანქცია და დაევალათ კანონდარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა. გარდა ამისა, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ეკონომიკურ აგენტებს წარედგინათ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია. მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის დარღვევის ფაქტი.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 28 ივნისს დაასრულა სს ,,საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა, რომელიც ეხებოდა შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსისა“ და სს ,,რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ მიერ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) სავარაუდო დარღვევის ფაქტს.
მოკვლევის შედეგად, არ დადასტურდა შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსისა“ და სს ,,რისკების მართვისა და სადაზრვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ მხრიდან კანონდარღვევის ფაქტი. თუმცა, შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ დავალდებულებულ იქნა, სს ,,საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ მიმართვის შემთხვევაში, განიხილოს ამ უკანასკნელისთვის შაბათ დღეს ოჯახის ექიმის მომსახურების მიწოდების საკითხი და კომერციულ პირობებზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თანაბარ და არადისკრიმინაციულ პირობებში, უზრუნველყოს შესაბამისი ხელშეკრულების დადება. გარდა ამისა, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სააგენტომ, ქვეყანაში მოქმედ ამბულატორიულ დაწესებულებზე გასცა სათანადო რეკომენდაციები.
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ 2020 წლის 19 თებერვლის №04/44 ბრძანებით დაასრულა შპს „ჯევერს დეველოპმენტის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა. მოკვლევა ეხებოდა შპს „აუთდორ.ჯის“ მიერ ქალაქ თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მომსახურების ბაზარზე განხორციელებული ქმედების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფაქტს. მოკვლევის შედეგად, შპს „აუთდორ.ჯის“ მიმართ დადგინდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევის ფაქტი, რაც გულისხმობს დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. კომპანიას დაეკისრა კანონით გათვალისწინებული ფინანსური სანქცია და შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, მიეცა შესაბამისი რეკომენდაცია.
ფოთში მოქმედმა 14-მა სატერმინალო კომპანიამ სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე - რაც გამოიხატებოდა ახალი კომბინირებული ტარიფის სავალდებულო წესით შემოღების მცდელობაში. მოკვლევის შედეგად პორტის მიერ დაგეგმილი ახალი სქემა მიჩნეულ იქნა დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად, თუმცა, ვინაიდან სქემა არ იყო ამოქმედებული, პორტს არ დაუდგინდა კანონდარღვევა და არ დაეკისრა სანქცია.
შპს „დუთი ფრი ჯორჯიამ“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი სს „თბილისის თამბაქოს“ მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე, რაც, მომჩივანის პოზიციით, გამოიხატებოდა მოპასუხესა და მომჩივანის კონკურენტ კომპანიას შორის პროდუქციის მიწოდების თაობაზე ექსკლუზიური ხელშეკრულების გაფორმებაში. მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა სს „თბილისის თამბაქოს“ მხრიდან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი.
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო მოკვლევა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ტერიტორიაზე ეკონომიკურ აგენტთა დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტისა და საქართველოს შავი ზღვის პორტებში ნავთობტერმინალთა საქმიანობის ქვეყნის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის უზრუნველსაყოფად. მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მხრიდან კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი.
შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიციამ“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალის“ მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რაც, მომჩივანის პოზიციით, გამოიხატებოდა მოპასუხის მიერ კომბინირებული ტარიფის დაწესებაში (რომელშიც ფაქტიურად არ იყო ასახული საექსპედიციო მომსახურების ტარიფი). მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალის“ მხრიდან დარღვევის ფაქტი.
საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „გლობალაგრომ“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა განცხადება აზერბაიჯანული კომპანია „კარატ ჰოლდინგის“ მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რაც, განმცხადებლის პოზიციით, გამოიხატებოდა ჰოლდინგის მიერ ბაზარზე არასამართლიანი ფასით ოპერირებაში. მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა მოპასუხის მხრიდან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი.