კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს პარლამენტის წევრის მომართვის საფუძველზე, შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზრის მონიტორინგი განახორციელა. განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ ბაზრის წლიური მოცულობა მცირეა და 2 მილიონ ლარს არ აღემატება. შუშის ნარჩენების შეგროვების ბაზარზე, ბოლო პერიოდში, ახალი კომპანიის შესვლა ფიქსირდება, რის შედეგადაც გაიზარდა შეგროვებული ნარჩენის რაოდენობა, სარეალიზაციო ფასი და ასევე იმ ფიზიკური/იურიდიული პირების რაოდენობაც, რომელთაგანაც ხორციელდება შუშის ნარჩენების შეგროვება.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზარზე საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ გამოიკვეთა. შესაბამისად, განგრძობადი დაკვირვების წარმოების საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. 2022 წლის 7 თვის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში იმპორტის დონეზე და რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში საბაჟო საწყობის თვითღირებულების გათვალისწინებით კონკრეტულ კომპანიებს ფასში კონკურენტული უპირატესობა გააჩნდათ, თუმცა აღნიშნულის ასახვა საცალო ბაზარზე სათანადოდ არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ფიქსირდებოდა ნავთობზე საერთაშორისო ფასების კლება და ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების ტენდენციაც. მიღებული შედეგების შესაბამისად, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო.
ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი მოიცავს 2016 -2020 წლებს. მონიტორინგის მიმდინარეობა დაყოფილია 2 ნაწილად: ზოგადი ეკონომიკური ანალიზი და კონკრეტული/შერჩეული მედიკამენტების ანალიზი. სააგენტოს ძირითადი დაკვირვების ობიექტს წარმოადგენდა მედიკამენტების საცალო ფასები, ფასის ცვლილებაზე მოქმედი ძირითადი გარემოებების გავლენის შეფასება საცალო ფასის ფორმირებაზე. მონიტორინგის ფარგლებში, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაიცა 13 რეკომენდაცია. მონიტორინგი დაიწყო საქართველოს სახალხო დამცველის „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების და საქართველოს პარლამენტის დადგენილების საფუძველზე.
კონკურენციის სააგენტომ განახორციელა ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრების მონიტორინგი. მონიტორინგის მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა 2018 წლის 10 დეკემბერს პურის მწარმოებელი კომპანიების მიერ პურის სადისტრიბუციო/საბითუმო ფასის კონკრეტული ფაქტის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლა.
საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სააგენტომ დამატებით ყურადღება გაამახვილა ფქვილის და ხორბლის ბაზრებზე, როგორც პურის ფასის ცვლილებაზე ზეგამვლენ ბაზრებზე. მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო პრაქტიკისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა როგორც პურის ფასის ზრდის კონკრეტული ფაქტის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობა, ასევე მონიტორინგის ფარგლებში გამოკვეთილი სხვა გარემოებებიც.
მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებული სიღრმისეული ანალიზის შედეგად, სააგენტოს პოზიციით, 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდის კონკრეტული ფაქტი გონივრული და თავსებადია ბაზარზე კონკურენტული გარემოსთან, წარმოადგენდა კომპანიების გონივრულ/დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა რენტაბელური ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება.
კონკურენციის სააგენტომ განახორციელა ავტოდაზღვევის (CASCO) ბაზრის მონიტორინგი, რომლის ფარგლებშიც, სააგენტოს მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დეტალური ანალიზისა და მრავალმხრივი შეფასების საფუძველზე, შესწავლილ იქნა 2015-2019 წლების პერიოდი და დადგინდა შესაბამისი ბაზრის თავსებადობა კონკურენტულ გარემოსთან.
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ დაასრულა საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგი, რომელსაც საფუძვლად დაედო საქართველოს პარლამენტის წევრის, ბექა ნაცვლიშვილისა და საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის მომართვები.
მონიტორინგის პროცესში, სააგენტოს უნდა გაერკვია სადისტრიბუციო კომპანიებსა და საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებს შორის ურთიერთობების პროცესში არსებული, ასოციაციის მიერ პრობლემურად მიჩნეული საკითხების მიმართება ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან. როგორც სააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოიკვეთა, შესაბამის ბაზარზე ადგილი არ აქვს ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) დარღვევის სავარაუდო ფაქტს, ვინაიდან შესაბამის ბაზარზე არ არსებობს დომინირებული მდგომარეობის მქონე სუბიექტი. ასევე, არ გამოიკვეთა კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება) სავარაუდო დარღვევის ფაქტი. საბოლოოდ, არსებული საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, სააგენტოს მხრიდან გაიცა რეკომენდაცია - საცალო ბაზრის სუსტი მოთამაშეების ინტერსების დამცავი საკანონმდებლო ნორმის შემოღების მიზნით საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებაზე. ასევე, გაცემულ იქნა რეკომენდაცია შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების მიმართაც.
კონკურენციის სააგენტომ განახორციელა ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი. მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტოს მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დეტალური ანალიზისა და მრავალმხრივი შეფასების საფუძველზე, შესწავლილ იქნა 2014-2019 წლების პერიოდი და დადგინდა შესაბამისი ბაზრის (0-დან 6 თვემდე ჩვილ ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი ადაპტირებული ნარევი) თავსებადობა კონკურენტულ გარემოსთან.
კონკურენციის სააგენტოს მიერ განხორციელდა სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ პლატფორმების ბაზრის მონიტორინგი. მონიტორინგის ფარგლებში, გამოიკვეთა, რომ ბაზარზე მოქმედ რამდენიმე კომპანიას ხელშეკრულებებში გამოყენებული ჰქონდა ფართო MFN პირობები (საუკეთესო ფასის გარანტია). საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სააგენტომ კომპანიებს ფართო MFN პირობების კორექტირება მოსთხოვა, რაც მონიტორინგის პროცესშივე იქნა შესრულებული ეკონომიკური აგენტების მხრიდან.
კონკურენციის სააგენტოს მიერ განხორციელდა მგზავრთა ავიაგადაყვანის ბაზრის მონიტორინგი და ამ ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს მდგომარეობის შეფასება. მონიტორინგი შედეგად დადგინდა, რომ მგზავრთა ავიაგადაყვანის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემოა, ბაზარი ვითარდება, ფართოვდება და არ არსებობს ბაზარზე შესვლის ხელოვნური ბარიერები.